გამოქვეყნების დრო 10-02-2018

სოციალური მედია, როგორც თვით-პრეზენტაციის და სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი | by Partners-Georgia

ვაგრძელებთ საუბარს სოციალურ მედიასა და მის შესაძლებლობებზე და გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ მოარგოთ თქვენი ვირტუალური „პროფილი“ არა მხოლოდ პირად, არამედ საქმიან მიზნებსაც. სოციალური მედიის ნებისმიერი პლატფორმა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ე.წ. “მომხმარებლის პროფილი”, რომელშიც შეგვიძლია მოკლედ აღვწეროთ საკუთარი თავი. ამ ნაწილში ძირითადად ბიოგრაფიული მონაცემები და ვიზუალური მასალა ფიგურირებს და ადამიანები მისი მეშვეობით იქმნიან პირველ მომენტალურ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ.

პროფილის მიზანია მიიზიდოს ადამიანების ყურადღება თქვენი სოცმედიური საქმიანობისა და აქტივობისადმი. არსებითად, თქვენი პროფილი – თქვენი მოკლე რეზიუმეა, რომელსაც დიდი რაოდენობით უცხო ადამიანი ნახავს და შეაფასებს, მათ შორის თქვენი პოტენციური დამსაქმებელიც. ამიტომ დავუთმოთ ცოტაოდენი დრო პროფილის ეფექტურობის საკითხს.

  1. შეარჩიეთ მაქსიმალურად ნეიტრალური ვირტუალური სახელი. რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე ახალი პროფილის შექმნისას, პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი სახელის შერჩევა, რომლითაც თქვენ “გამოჩნდებით” ამ კონკრეტული სოციალური ქსელის მომხმარებლების მონიტორებზე. შეიძლება, თქვენ ძალიან მოგწონთ მხიარული @crazynini, ცინიკური @kritikosi ან საყვარელი @atinati, მაგრამ ის, რაც მოგწონთ და კარგად ჟღერს დღეს, ხვალ შესაძლოა აღარ შეესაბამებოდეს არც თქვენს გემოვნებას, არც არსებულ რეალობას. ასევე შეუსაბამო და სასაცილოცაა, როდესაც, მაგალითად, ფეისბუკის პროფილში ადამიანის სახელისა და გვარის ნაცვლად ვხედავთ @MaikoMaiko, @GioGoglika ან სულაც @Nino&Dato-ს. ასეთი სახელი არასერიოზულად და არაპროფესიულად აღიქმება ნებისმიერი პოტენციური დამსაქმებლის მიერ. ჩვენი რჩევაა ცოტა უფრო გააზრებულად მიუდგეთ ამ საკითხს. წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოს ძიების პროცესში ხართ, ან ეცადეთ წარმოიდგინოთ, სად ხართ და რას აკეთებთ ორ ან სამ წელიწადში. წარმოიდგინეთ? სწორედ ამ წარმოდგენებით თავში უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სოცმედიური სახელი.  მაშინაც კი, როდესაც ვირტუალური სახელი უკვე შერჩეული გაქვთ, არაა ურიგო დაფიქრდეთ მის შესაბამისობაზე და საჭიროების შემთხვევაში, რაც შეიძლება ოპერატიულად გამოცვალოთ. ზოგადად, რაც უფრო მეტი დროის განმავლობაში “ატარებთ” შეუსაბამო სახელს, მით უფრო რთულია მისი (და მის მიერ მოყენებული ზიანის) ჩამოშორება. საუკეთესო და თან ყველაზე მარტივი გამოსავალია თქვენი რეალური სახელის და გვარის გამოყენება. გაუადვილეთ ადამიანებს თქვენი პოვნის, იდენტიფიცირების და დახსომების ამოცანა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთ ქსელში, თუნდაც იმავე ფეისბუკში, მომხმარებლის სახელის გამოცვლა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამ ეტაპზე ფეისბუკში სახელის შეცვლა მხოლოდ 60 დღის გასვლის შემდეგაა შესაძლებელი, ხოლო თუკი სახელი უკვე ორჯერ გამოიცვალეთ, სახელის შემდგომ გამოცვლამდე 120 დღე უნდა მოიცადოთ.

 

  1. პროფილის 5-წამიანი ოპტიმიზაცია. გახსოვდეთ, რომ დაინტერესების შემთხვევაშიც, ადამიანები არ დახარჯავენ დიდ დროს თქვენი პროფილის შესასწავლად; ისინი მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში შეავლებენ მას თვალს, რათა შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა თქვენზე და რაც შეიძლება სწრაფად დარწმუნდნენ, რომ სანდო და კომპეტენტური ადამიანი ხართ და სიმპათიას იმსახურებთ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაში მათ დაეხმარება თქვენი პროფილის შემდეგი ელემენტები:
  • ავატარი, პროფილის სურათი – თქვენი ვიზუალური სავიზიტო ბარათი, რომელზეც თქვენი ფოტო / ლოგო / სიმბოლოა გამოხატული. ყოველთვის უკეთესია, თუკი პროფილის სურათად საკუთარ, კარგი ხარისხის ფოტოს დადებთ. ის, ვინც უკვე სარგებლობს, სიტყვაზე, ფეისბუკით, დაგვეთანხმება, რომ პატარა საქართველოშიც კი ძალიან ბევრია ერთნაირი სახელის და გვარის მქონე მომხმარებელი. ფოტოსურათი გაუადვილებს ადამიანებს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას. ორგანიზაციის შემთხვევაში პროფილის სურათად ყველაზე უფრო ლოგიკური გამოსავალი ორგანიზაციის ლოგოს გამოყენებაა. ეცადეთ, რომ სხვადასხვა სოცმედიურ პლატფორმებზე ერთი და იგივე პროფილის სურათი გამოიყენოთ, რომ თქვენი მკითხველი არ დააბნიოთ (მაგალითად, თქვენი სურათი/ლოგო, რომელსაც იყენებთ ფეისბუკზე უნდა ემთხვეოდეს თქვენ სურათს/ლოგოს ტვიტერში, Google+-ში და ა.შ.). იგივე მიზეზის გამო სასურველია არ ცვალოთ პროფილის სურათი ძალიან ხშირად.
  • .. გარეკანიcover (Google+, Facebook, LinkedIn), ან თავსართიheader (Twitter) – პირდაპირი მნიშვნელობით თქვენი სოცმედიური გვერდის “გარეკანი”, შედარებით დიდი ზომის გრაფიკული ელემენტი, რომელიც გეხმარებათ თქვენი “სათქმელის” ვიზუალიზაციაში. აქ უფრო თავისუფალი ბრძანდებით არჩევანში – მიაწოდეთ მკითხველს დამატებითი ინფორმაცია თქვენი პიროვნების თუ ორგანიზაციის შესახებ, უამბეთ მეტი თქვენი განწყობის, შესაძლებლობების, ოჯახის, საყვარელი საქმის, პროდუქტის, ჰობის, შინაური ცხოველის და ა.შ. შესახებ. გარეკანის გრაფიკული გამოსახულების შეცვლაც ერთგვარი კომუნიკაციაა თქვენს მკითხვე-ლებთან, ასე რომ შეგიძლიათ ცვალოთ ის იმ სიხშირით, რა სიხშირითაც გსურთ. როდესაც ადამიანს საერთოდ არა აქვს შექმნილი საკუთარი გარეკანი (და ამდენად იგი პროგრამულად არსებული, სტანდარტული დიზაინითაა წარმოდგენილი), ის სოცმედიაში გაუთვითცნობიერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
  • ბიოგრაფიული მონაცემები – თქვენი განათლების და სამუშაო გამოცდილების შეჯამება თქვენი პროფილის მნიშვნელოვანი ნაწილია. დაფიქრდით, რისი ხაზგასმა გსურთ თქვენს ბიოგრაფიულ მონაცემებში. ყოველთვის უკეთესია თქვენი სამუშაო გამოცდილების და მიღებული განათლების შესახებ კორექტული და ზუსტი ინფორმაციის მითითება, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ ლაკონურობაც მნიშვნელოვანია. არ ღირს თითოეული გავლილი ტრენინგის, თითოეული წვრილმანი დროებითი დასაქმების და თუნდაც რაღაც საზოგადოებებში, საბჭოებში, კლუბებში და ა.შ. წევრობის ზედმიწევნით მითითება. საჭიროა მიუთითოთ მხოლოდ ის ძირითადი მონაცემები, რაც მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც სტუდენტის, ან თუნდაც ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის, ადექვატურად წარმოჩენის თვალსაზრისით.
  • ბმულები – თითქმის ნებისმიერ სოცმედიურ პროფილში გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც შესაძლებელია გარკვეული ბმულების მითითება. ეს შესაძლებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბმულის მითითებით თქვენ აძლევთ ადამიანებს საშუალებას მიიღონ თქვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია. აქაც, როგორც სოცმედიური პროფილის სხვა ყველა ნაწილში, საჭიროა ზომიერების შენარჩუნება. ნუ ჩამოწერთ ყველა თქვენი სოცმედიური „აქაუნტის“ მისამართებს (მით უფრო, რომ დღევანდელი ახალგაზრდა ადამიანი ბევრი სხვადასხვა სოციალური პლატფორმით სარგებლობს): პროფილში გამოსაქვეყნებლად შეარჩიეთ ერთი ან ორი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბმული, რომელზეც გსურთ, რომ შეიხედოს თქვენი პროფილის დამთვალიერებელმა. საუკეთესო ვარიანტია თქვენი ბლოგის (თუ ასეთი გაგაჩნიათ), ან ორგანიზაციული ვებგვერდის მისამართის მითითება.

დროებით გემშვიდობებით, და შემდეგ ბლოგ-პოსტებში გავაგრძელებთ საუბარს სოციალური მედიის, კერძოდ კი LinkedIn-ის პლატფორმის შესახებ.

პოსტის ავტორია პარტნიორები-საქართველო


 

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

სოციალური მედია, როგორც თვით-პრეზენტაციის და სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი
სამუშაოს საძიებო საიტის, СareerBuilder.com-ის მიერ ჩატარებული საკმაოდ

15 სამსახური, რომელიც 30 წლის წინ არ არსებობდა
ბოლო 30 წლის განმავლობაში სამყაროში უამრავი რამ

14 რჩევა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მესენჯერით ურთიერთობისთვის
წინა სტატიაში ვისაუბრეთ ახალი საქმიანი ეტიკეტის შესახებ,

ახალი საქმიანი ეტიკეტი
ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სერიოზული

მეტის ნახვა

კომენტარები