ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
4 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 27-02-2018

რა არის შენი სახელფასო მოლოდინი?

როგორ ვუპასუხოთ კითხვას – ‘’რა არის შენი სახელფასო მოლოდინი ან მოთხოვნა?’’

იმისთვის, რომ კითხვაზე სწორი პასუხი გავცეთ, უნდა გავითვალისწინოთ ვინ სვამს ამ კითხვას: ჰედჰანთერი (‘’თავებზე მონადირე’’ – ადამიანი, რომელიც ნადირობს კვალიფიციურ კანდიდატებზე და ცდილობს მათ გადმობირებას უფრო მაღალი ანაზღაურების და პოზიციური დაწინაურების შეთავაზების სანაცვლოდ),  HR თუ რეკრუტერი.

სცენარი I: შეკითხვას სვამს ჰედჰანთერი ან რეკრუტერი. ამ შემთხვევაში გირჩევთ კითხვა უკან შეუბრუნოთ და კითხოთ, თავად რა ბიუჯეტი აქვთ განსაზღვრული ამ პოზიციისთვის? როგორც წესი, ის სავარაუდო თანხას (რეინჯს) დაგისახელებს, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაუბრუნდეთ მოპასუხის ამპლუას  და უთხრათ, რომ თქვენი ვარაუდი მათსას დაემთხვა.

სცენარი II: შეკითხვას სვამს HR ან შიდა რეკრუტერი შერჩევის პირველ ეტაპზე. HR-ს საკმაო მიზეზი აქვს ამ კითხვის დასმის, რადგან მან უნდა გაცხრილოს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ უარი თქვან ანაზღაურების განსაზღვრულ შეთავაზებაზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე, რადგან ეს დიდი მარცხი იქნება მისი, როგორც HR-ის,  მხრიდან.  თუმცა, მეორეს მხრივ, გაითვალისწინეთ, რომ ისინი კანდიდატებს არჩევენ სავარაუდო ბიუჯეტის როგორც ზედა, ასევე ქვედა ზღვრულ კრიტერიუმზე დაყრდნობით, რაც ერთ მიზანს ემსახურება: გაიგონ რამდენად ‘’აფასებთ’’ თქვენს კანდიდატურას. ასე რომ, მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა. კარგი იქნება, თუ გამოხატავთ ნდობას და დარწმუნებულობას იმაში, რომ მათ მიერ განსაზღვრული სახელფასო ბიუჯეტი გონივრული და პოზიციის რელევანტური იქნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ტიპის ფორმულირება:

‘’ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული სახელფასო რეინჯი კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემი თვითმიზანი არ არის სიმდიდრე, მე უბრალოდ მინდა მომეცეს შესაძლებლობა დავამტკიცო ჩემი შესაბამისობა კომპანიის მთავარ ღირებულებებთან. ეს არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე.’’

ამ შემთხვევაში ინტერესეთა კონფლიქტია. ერთის მხრივ, HR-ს შემდეგ ეტაპზე არ სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც არ ჯდება კომპანიის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო სახელფასო რეინჯ-კატეგორიაში და მეორეს მხრივ, თქვენ, რომელსაც არ უღირს რისკზე წასვლა და პოტენციურად არადამაკმაყოფილებელ წინადადებაზე დათანხმება და დროის კარგვა.

იმ შემთხვევაში, თუ HR დაჟინებით მოითხოვს თქვენგან კონკრეტული რიცხვის დასახელებას, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. გასაუბრების წინ გადაავლეთ თვალი თქვენთვის საინტერესო ვაკანსიაზე მითითებულ ანაზღაურებებს, განსაზღვრეთ ზედა და ქვედა ზღვარი და გასაუბრების დროს გამოიყენეთ ის მოსალოდნელი ხელფასის შესახებ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

სცენარი III:  შეკითხვას სვამს შერჩევის მენეჯერი. როცა საქმე შერჩევის მენეჯერამდე მიდის, მთავარი, რაც თქვენ უნდა დაანახოთ მას – ეს თქვენი კეთილსინდისიერებაა. გირჩევთ, მკაფიოდ დააფიქსიროთ, რომ ნამდვილად არ გქონდათ წარმოდგენა სახელფასო მოლოდინებზე, ამიტომ, სანამ გასაუბრებაზე წამოხვიდოდით, ჩაატარეთ მინი-კვლევა, გადახედეთ ვაკანსიებზე მითითებულ ანაზღაურებებს, გაანალიზეთ მიღებული ინფორმაცია და ლოგიკურად დაასკვენით, რომ რეინჯი შეიძლება მერყეობდეს X-დან Y ლარამდე. ასეთ პასუხში არ ჩანს აშკარა პირადი ინტერესები – არც ხარბი ჩანხართ და არც ზედმეტად სასოწარკვეთილი…

სცენარი IV: შეკითხვას სვამს  შერჩევის მენეჯერი, მაგრამ გასაუბრება დაიწყო ჰედჰანთერთან ან გარე რეკრუტერთან. ეს სიტუაციაც პირველი სცენარის მსგავსია, როცა კითხვა სახელფასო მოლოდინის შესახებ უკან უნდა დაუბრუნოთ. რეკრუტერებმა რეალურად ძალიან კარგად იციან წინასწარგანსაზღვრული ანაზღაურების შესახებ და მათი პირდაპირი ინტერესია, რომ თქვენი ანაზღაურება იყოს დასაშვები რეინჯის ზედა ზღვარზე, რადგან თქვენი ხელფასი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზეც მიღებული საკომისიოს სახით :)) ასე რომ, თუ თქვენ კითხავთ, ისინი აუცილებლად გეტყვიან კომპანიის მიერ განსაზღვრული რეინჯის შესახებ. მოგვიანებით მისგან მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებთ გასაუბრების შემდგომ ეტაპზე. როცა შერჩევის მენეჯერი გკითხავთ იმავეს – აღმოჩნდება, რომ თქვენი და კომპანიის მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა და შედეგად ორივე მხარე – თქვენც და კომპანიაც კმაყოფილი დარჩებით.

მოხარული ვიქნებით, თუ კომენტარების სახით გაგვიზიარეთ თქვენი ბოლო პერიოდის გამოცდილებას, ისაუბრებთ თქვენს მოლოდინებსა და იმ რეალობაზე, რომელიც დაგხვედრიათ გასაუბრებისას.

 

წყარო: youtube.com

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები