admin
ავტორი

admin
10 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 16-08-2017

გაითვალისწინეთ ეს 18 რჩევა და 99%-ზე მეტი ალბათობით დასაქმდებით!

ამ სტატიაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი ქართველი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მაძიებლებს სამსახურის პოვნა საქართველოში. წაიკითხავთ იმ მომენტებს, რომლის გათვალისწინებაც ხელს შეგიწყობთ წარმატებით დასაქმებაში.

 

1. გამოყავით დღეში მინიმუმ 2 საათი სამსახურის ძიებისთვის

თუ ადამიანი უმუშევარია ეს არ ნიშნავს რომ ის უსაქმურად უნდა იყოს, პირიქით, მან მინიმუმ 2 საათი უნდა იმუშაოს თუნდაც იმისთვის, რომ სამსახური მოძებნოს. გამოიყენეთ დასაქმების საიტები, სანაცნობო წრე, სოციალური ქსელები და ა.შ.

 

2. მუდმივი თვითგანვითარება აუცილებელია

ადამიანი ან რეგრესირებს ან პროგრესირებს, სტატიკურად ერთ ადგილზე გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია მუდმივად იმუშაოთ თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად (მაგალითად,  თუ იურისტი ბრძანდებით გაეცანით ახალ კანონებს და ნორმატიულ აქტებს, თუ დამლაგებელი მაშინ შეისწავლეთ ახალი ხელსაწყოების და დასუფთავების ხსნარების შესახებ და ა.შ. ).

 

 

3. გამოდით კომფორტის ზონიდან

ნუ გექნებათ წარუმატებლობის შიში, სცადეთ ასჯერ და ათასჯერ! ცდა ბედის მონახევრეა და ვინც ეძებს ის პოულობს!

 

 

4. მოინდომეთ მთელი არსებით

თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ  უსამსახუროდ წლობით შეგიძლიათ იარსებოთ და თავს უფლებას მისცემთ,  მხოლოდ დროის რაღაც ნაწილი (პირობითად მხოლოდ 3-4 საათი)  დახარჯოთ კარიერული წინსვლისთვის, მაშინ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკი რომ შედეგს ვერ მიაღწიოთ. აუცილებელია რომ წინსვლა გინდოდეთ მთელი არსებით (ჰაერივით) და მუდმივად იყოთ მუდმივ მოქმედებაში ამ მიზნის შესასრულებლად.

 

 

5. თუ საჭიროა დაიწყეთ დაბალი საფეხურიდან ან შეიძლება 0-იდანაც კი

ხშირია, როცა ადამიანებს არ უნდათ 0-დან ან უფრო დაბალი პოზიციიდან დაწყება, ბევრ სამსახურს იწუნებენ და ხშირად უფრო უკეთესის გამოჩენის იმედად წლები გადის. ზოგჯერ უბრალოდ არის მომენტი, როცა დრო არ უნდა დაკარგოთ და დაიწყოთ შედარებით უფრო დაბალი საფეხურიდან ვიდრე გეგმავდით.  შეიძლება ეს გადაწყვეტილება კარიერაში დიდი ნაბიჯების საწინდარი გახდეს.

 

 

6. განსაზღვრეთ სასურველი სამსახურის მთლიანი სარგებელი და არა მხოლოდ ხელფასი

სამსახურის შეფასებისას აუცილებელია მისი მთლიანი სარგებლის შეფასება (ანაზღაურება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა და და ა.შ.). გასაგებია, ადამიანს ხშირად სჭირდება მინიმალური შემოსავალი თვითგადარჩენისთვის, მაგრამ თუ გაქვთ შესაძლებლობა რომ ზოგჯერ ხვალინდელი ქათმის გამო დღევანდელ კვერცხზე უარი თქვათ მაშინ ალბათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ, კარიერული ზრდა სხვანაირად თითქმის წარმოუდგენელია.

 

 

7. დაიწყეთ ის სამსახური, რომელიც გჭირდებათ და არა ის რომელიც “პრესტიჟულია”

შრომა ყველაზე დასაფასებელი მომენტია და ნუ მოგერიდებათ რომელიმე საქმის გაკეთება თუ თქვენ გსურთ ეს.  ხშირია როცა ადამიანებს შეუძლიათ რომელიმე საქმის უცხოეთში გაკეთება (მოხუცის მოვლა, ტაქსით მომსახურება და ა.შ.) მაგრამ თავის ქვეყანაში ამის კეთება ეთაკილება არაპრესტიჟულობის გამო. ნუ მიიღებთ კარიერულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მიერ ნაკარნახევი კრიტერიუმებით, თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება თქვენ თავად უნდა მიიღოთ.

 

8. ვაკანსიის საიტებზე რეალური განცხადებები ცხადდება

ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯერა რომ გამოცხადებული ვაკანსიები რეალურია და ფიქრობენ რომ ორგანიზაციები ვალდებულები არიან ვაკანსია გამოაცხადონ ან შესაძლოა სარეკლამო მიზნებისთვის აკეთებდნენ ამას. ეს მცდარი აზრია, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების ნაწილს აქვს ამის ვალდებულება, ხოლო კერძო ორგანიზაციებს არანაირი ვალდებულება არ აქვს ვაკანსიის გამოცხადების და ეს არის ცრუ სტერეოტიპი რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული.  რაც შეეხება სარეკლამო მიზნით გამოყენებას ეს კერძო ორგანიზაციებისთვის ნაკლებად საინტერესოა, მით უმეტეს მსხვილი კომპანიებისთვის (ძირითადად მსხვილი დამსაქმებლები აცხადებენ ვაკანსიებს).

 

 

9. შეავსეთ რეზიუმე სწორად

CV-ის შევსება საკმაოდ რთული საქმეა და ხშირად გამოცდილი ადამიანებიც კი მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ. უთითებენ ისეთ ინფორმაციებს რომელიც დამსაქმებელს არ მოუთხოვია, მაგალითად: სურათები პლაჟზე, ოჯახური სტატუსის შესახებ ინფორმაცია, ეროვნება და ა.შ. ხშირად მნიშვნელოვანია რომ თითოეული განცხადებისთვის ინდივიდუალურად დაარედაქტიროთ თვენი რეზიუმე.  შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ რეკომენდაციები თუ როგორ შეადგინოთ CV ( მაგ: CV-ის შევსების 10 ოქროს წესი​)  და ასევე ისარგებლოთ CV-ის შედგენის ონლაინ საიტებით (მაგ: gocv.ge)

 

 

10. ძიების პროცესში ჩაერთეთ პირადად და ნუ იქნებით სხვების იმედზე

ხშირია როდესაც ადამიანებმა  თვითონ არ იციან CV-ის შევსება, ვაკანსიის მოძიება, მეილის გაგზავნა და ა.შ. და მუდმივად სხვას სთხოვენ დახმარებას (მეგობარს, მშობელს, მეუღლეს და ა.შ.). თუ ასე ხართ მაშინ აუცილებლად თქვენ თვითონ უნდა შეისწავლოთ ეს პროცესი და თქვენით, როცა მოგინდებათ მაშინ გააგზავნით იმ ვაკანსიებზე, რომელიც დაგაინტერესებთ და ამას გააკეთებთ ნებისმიერ დროს, სხვისი ლოდინის გარეშე. თან ამ პროცესით ბევრი ახალი საკითხის სწავლა და შეცნობა შეიძლება, რომელიც დასაქმებაშიც დაგეხმარებათ.

 

 

11. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული

ცნობილი ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ადამიანი თავის წარუმატებლობას სხვას აბრალებს. დიახ, ჩვენთან, ისევე როგორც ყველა მცირე ქვეყანაში არის ნეპოტიზმის ფაქტები, მაგრამ უამრავი ადამიანია ისეთი ვინც თავისი თავდაუზოგავი შრომით აღწევს შედეგს. ნუ დააბრალებთ ყველაფერს გარემოს, თქვენ უნდა იშრომოთ ისწავლოთ და იმოქმედოთ.

 

 

12. თუ რომელიმე სხვა საქმე გიყვართ

როცა ადამიანს თავისი პროფესია არ უყვარს მას უჭირს გახდეს პროფესიონალი და შესაბამისად უძნელდება სასურველი სამსახურის პოვნაც.  თუ გრძნობთ რომ  რომელიმე სხვა საქმე გიყვართ, მაშინ სერიოზულად დაფიქრდით  ხომ არ ჯობია ახალი პროფესიის შესწავლა?  დღეს ფაქტიურად ნებისმიერი პროფესია (ამ შემთხვევაში ჰობი) საკმაოდ შემოსავლიანია თუ თქვენ საკითხში კარგად ერკვევით და საზოგადოებას სასარგებლო პროდუქტს (ან მომსახურებას) სთავაზობთ, ამასთანავე თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანს აძლევს შესაძლებლობას რომ დამატებითი მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გარეშე დაეუფლოს თითქმის ნებისმიერ პროფესიას.  არა საინტერესო პროფესიასთან შედარებით იმ საქმით, რომლის კეთებაც გიყვართ გაცილებით დიდი შედეგებს მიაღწევთ.

 

13. თუ ადგილობრივ ბაზარზე ვერ ნახეთ სამსახური, სცადეთ ქვეყნის გარეთ თუნდაც დისტანციურ სამსახურზე

უცხოეთში დასაქმება ფიზიკურად  წასვლის გარდა ასევე დისტანციურადაც არის შესაძლებელი.. დღეს საქართველოდან ათიათასობით ადამიანი მუშაობს დისტანციურად სხვადასხვა პროფესიით (დიზაინერები, პროგრამისტები, მუსიკოსები, მარკეტინგის სპეციალისტები და ა.შ.) დაფიქრდით, იქნებ თქვენც შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ გარე რესურსით.

 

 

14. თუ თქვენი მოსაწონი ვაკანსია არ არსებობს

არაერთხელ მოისმენთ ფრაზას “არ არის ნორმალური ვაკანსიები”, “ყველა კომპანიას კაბალური პირობები აქვთ” და ა.შ.  თუ თქვენც იგივე აზრს იზიარებთ, მაშინ თავად შესთავაზეთ თქვენს თავს და საზოგადოებასაც უკეთესი პირობები, სხვისთვის თითის გაშვერა მარტივი გამოსავალია. დაიწყეთ თქვენი თუნდაც 1 კაციანი საქმიანობა და გაზარდეთ კომპანია და დაასაქმეთ ადამიანები. უფულობას ნუ მოიმიზეზებთ, არაერთი საქმიანობაა რომელიც 0 ლარიანი ინვესტიციითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

 

 

15. ისწავლეთ იმისთვის, რომ ცოდნა აიმაღლოთ და არა დიპლომის ან სერთიფიკატისთვის

ხშირია, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა სერთიფიკატები დაეხმარებათ დასაქმებაში. განსაკუთრებით არაპრესტიჟულ სასერთიფიკატო კურსებზე რაერთხელ გაიგებთ შეკითხვას “თქვენი სერთიფიკათით მუშაობას დავიწყებთ?”, კურსის ორგანიზატორი რა თქმა უნდა იმედებით ავსებს შეკითხვის ავტორს.  ასევე ხშირია როცა ადამიანები უნივერსიტეტში აბარებენ და აღმოაჩნენ რომ მათ არჩეული პროფესია არ აინტერესებთ და მუშაობასაც სხვა პროფესიით იწყებენ, თუმცა მაინც ამთავრებ ბაკალვრს, მერე იგივე პროფესიით დიპლომის გამო მაგისტრატურასაც კი. ნუ დაკარგავთ დროს მსგავსი გადაწყვეტილებებით.  გაითვალისწინეთ, რომ მთავარია მიღებული ცოდნა და არა ამ ცოდნის დამადასტურებელი ქაღალდი. დოკუმენტი  შეიძლება მხოლოდ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოგადგეთ მაგრამ სამსახურის შოვნაში ნაკლებად სავარაუდოა რომ დაგეხმაროთ.

 

 

16. თუ რომელიმე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებთ დამსაქმებელს ეს გულახდილად უთხარით

ხშირია როცა ვაკანსიაზე არის ისეთი მოთხოვნები რომელსაც არ აკმაყოფილებთ, ზოგჯერ არის შემთხვევები როდესაც დამსაქმებელსაც  არ სჭირდება ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება. კარგად გაიაზრეთ ვაკანტური პოზიცია, თუ თვლით რომ აღნიშნულ საქმეს თქვენ წარმატებით შეასრულებთ მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ გამოხმაურება. თუ დავუშვათ ელექტრონულად უგზავნით დამსაქმებელს რეზიუმეს, მაშინ მეილის ტექსტში მიუთითეთ თუ რომელ პუნქტებს ვერ აკმაყოფილებთ და არგუმენტირებულად აღნიშნეთ თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ პოზიციაზე მუშაობას თავს გაართმევთ, ეს დამსაქმებელს თქვენს მიმართ სიმპათიით განაწყობს და დიდი ალბათობით უფრო ყურადღებითაც განიხილავს თქვენს კანდიდატურას.

 

 

17. გასაუბრებაზე მიდით მომზადებულები

გასაუბრებაზე წასვლის წინ  მოიძიეთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად: ორგანიზაციის მისია, ხედვა, რომელ სფეროში ოპერირებს, რამდენი ადამიანია დასაქმებული, ძირითადი შემოსავლის წყაროს რა წარმოადგენს და ა.შ.).  აუცილებლად მიდით მოწესრიგებულად, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ან ზედმეტად ოფიციალური სამოსი, მთავარია სუფთად და სადად გამოიყურებოდეთ.

 

18. იმოქმედეთ!

ადამიანი ნანობს და ამბობს “რატომ არ გავაკეთე”, იშვიათად რომ ინანოს იმის გამო რაც გააკეთა.  ხშირია, როცა ვეცნობით  ამ სტატიის მსგავს სხვა სტატიებს  “10 რჩევა”, “15 წესი” და ა.შ. და თვეებს და წლებს ვუთმობთ სამოტივაციო ინფორმაციის მიღებას, რეალურად კი არ ვმოქმედებთ, გაითვალისწინეთ რომ სინამდვილეში ყველაფრის საწყისი ნაბიჯის გადადგმაა.  იმოქმედეთ!

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები