ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
4 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 09-11-2017

დანინგ-კრუგერის ეფექტი, ანუ მე ვიცი, რომ ყველაფერი ვიცი

მარკი ერთ-ერთი კომპანიის პროგრამისტია. კარგ შემთხვევაში ის საშუალო ხარისხით ასრულებს სამუშაოს. როგორც წესი, იმაზე დიდ დროს ხარჯავს, ვიდრე განსაზღვრულია და ხშირად საკუთარი შექმნილი კოდიც კი აღარ ახსოვს დაწერიდან ერთი თვის შემდეგ. მაგრამ ეს არაა ყველაზე ცუდი ფაქტი მის შესახებ; საქმე ისაა, რომ მარკს სჯერა, რომ ის შესანიშნავი პროგრამისტია. ერთი თვის წინ გადაიხედა მის მიერ შესრულებული სამუშაო და დაბალი ქულების მიღების შემდეგ იგი სკეპტიკურად შეეკამათა მენეჯერს: ’მგონი რაღაც გეშლებათ… მე დეპარტამენტში ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტი ვარ! აშკარაა, რომ თქვენი შეფასების სკალა არც ისე ობიექტურია, ან თანამშრომელთა ისეთი გუნდის შესაფასებლადაა შექმნილი, რომელსაც პროგრამირებასთან საერთო არაფერი აქვთ!’’

თუ თქვენ შეგხვედრიათ ან ამჟამად გიწევთ მუშაობა დაახლოებით ამ ტიპის ადამიანთან, რომელიც სინამდვილეში ძალიან დაბალ დონეზე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ამავდროულად საოცრად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, თქვენ რეალურად დანინგ-კრუგერის ეფექტთან გაქვთ საქმე.

1999 წელს დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა თავიანთ ნაშრომში მეცნიერულად დაასაბუთეს ის, რასაც შემდგომში დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდა. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ტენდენცია, როცა არაკომპეტენტური ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს თავის შესაძლებლობებს, ამავდროულად დარწმუნებულია საკუთარ კომპეტენტურობაში და განიცდის მოჩვენებით უპირატესობას სხვათა მიმართ. დევიდ დანინგს და ჯასტინ კრუგერს აღნიშნული ნაშრომისთვის 2000 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ.

დანინგ-კრუგერის ეფექტის გავლენა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ კონტექსტში საკმაოდ დიდია. ალბათ ყველას გვინახავს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში ამ ეფექტის ცოცხალი განსახიერებაა. მაგალითად, მუსიკალური შოუსთვის შეუსაბამო კონკურსანტი, რომელიც სრულიად დარწმუნებულია თავის ვოკალურ შესაძლებლობებში და ჟიურის კრიტიკას საშინელი აგრესიით პასუხობს; გაყიდვების მენეჯერი, რომლის გუნდმაც წლიური გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მხოლოდ ამის გამო ფილიალის მმართველად დაინიშნოს…


საქმე ისაა, რომ ცოდნასა და თავდაჯერებას შორის საინტერესო ურთიერთმიმართება არსებობს: რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს ადამიანს, მით ნაკლებია მისი თავდაჯერების დონე და ანალოგიური პრინციპით, რაც ნაკლები იცის, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი აზრის სისწორეში. (აქვე დავსძენთ, რომ ამ ორ მახასიათებელს შორის კაუზალური კავშირი არ არსებობს, ანუ თუ ადამიანი თავდაჯერებულია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის არაკომპეტენტურია და პირიქით…)  ჩვენი მსჯელობის საგანი სამსახურეობრივ კონტექსტში რომ გადავიტანოთ, ცოდნა და ინტელექტი საჭიროა კონკრეტული ამოცანის ეფექტურად შესასრულებლად და ამავდროულად ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ადამიანს ეხმარება ამოიცნოს თავისი ნაკლოვანებები. მაშინ როცა ინტელექტის და განათლების დონე მაღალია, ინდივიდი  უკეთ აცნობიერებს კიდევ რამდენი რამ დგას მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიღმა და მისი თავდაჯერებულობა საკითხთან მიმართებაში იკლებს. მეორეს მხრივ კი, როცა ადამიანი განიცდის ცოდნისა და ინტელექტის ობიექტურ სიმწირეს, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი დამოკიდებულებების უტყუარობაში, რადგან  მას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმ უამრავი დეტალის შესახებ, რამაც კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს. ასევე ძნელია ასეთი ადამიანი დაარწმუნო საკუთარ თავზე მუშაობის საჭიროებაში, რადგან მათთვის, როგორც წესი, ამ მხრივ ყველაფერი იდეალურადაა.

მკვლევარები ამბობენ, რომ ზემოაღნიშნული ეფექტის შესამცირებლად არსებობს რეალური საშუალებები. პირველი და მთავარი: რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს დანინგ-კრუგერის ეფექტის არსებობის შესახებ და პრაქტიკის საშუალებით ისწავლოს მისი აღმოჩენა როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებზე დაკვირვებით. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და საზოგადოების მხრიდან ზრდადი ინტერესის უზრუნველყოფა, რათა ადამიანი მიეჩვიოს განსხვავებული აზრის მოსმენას და გააანალიზოს, რომ ყველაფერი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საერთო ჯამში, ორივე გზა განათლების საჭიროებასთან მიდის. ანუ, როგორც დიდმა ფრანგმა მწერალმა ანატოლ ფრანსმა თქვა, ‘’განათლება ის კი არ არის რა დაგვამახსოვრდა ან რა ვიცით, არამედ ეს არის უნარი შეგვეძლოს განასხვავოთ რა ვიცით რეალურად და რა – არა.’’

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

ორგანიზაციის წარმატება მრავალფეროვნებაშია
კულტურული მრავალფეროვნება ყველა ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია. მას ასევე

რა კლავს საქართველოში განათლებას? [+VIDEO]
უმეტესობას გვიმსჯელია ამ თემაზე და  ვიცით, რომ განათლების დაბალი

რატომ ვართ ღარიბები?
ამბობენ, რომ ღმერთმა ჩვენს პატარა ქვეყანას, საქართველოს,

მეტის ნახვა

კომენტარები