ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
4 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 12-01-2018

ბედნიერი თანამშრომელი = პროდუქტიული თანამშრომელი

რამდენად დიდი ადგილი უკავია სამსახურს თქვენს ცხოვრებაში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავი ბედნიერ მომუშავედ იგრძნოთ?

ალბათ ბევრმა თქვენგანმა გაიფიქრა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც კარგი სამსახური უნდა აკმაყოფილებდეს, მაღალი ანაზღაურებაა: წავიდე იქ, სადაც მინდა, არ ველოდო მაღაზიებში ფასდაკლებებს იმის საყიდლად, რაც მინდა, რეგულარულად გავუკეთო საჩუქრები საყვარელ ადამიანებს, ვიმოგზაურო ყველგან, სადაც მინდა..

თუმცა, კვლევები განსხვავებულს მოწმობს. როგორც დადგინდა, ადამიანებს აქვთ ტენდენცია ფინანსურ ფაქტორებს მიანიჭონ გადაჭარბებული მნიშვნელობა , მაშინ როცა რეალურად არ არსებობს პოზიტიური ურთიერთკავშირი ზოგად ბედნიერებასა და მაღალ შემოსავალს შორის. სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არამატერიალურად განიცდება. მათ შესახებ ჩვენ სტატიაში მოგითხრობთ.

2013 წელს ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის თანახმად, სადაც მონაწილეობა 130-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, დადგინდა, რომ მათგან მხოლოდ 13% ავლენს სამუშაოში პოზიტიურ ჩართულობას.  ისინი, ვინც თავს ბედნიერად აფასებენ, 36%-ით უფრო მოტივირებულნი არიან, 6-ჯერ უფრო ენერგიულები და 2-ჯერ მეტად პროდუქტიულები, ვიდრე მათი არა-ბედნიერი კოლეგები.


ასევე მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ ბედნიერების მხოლოდ 50%-ს განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორი, დანარჩენი 50% სრულად ჩვენზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ეს 50% მაქსიმალურად გამოვიყენოთ საჭიროა რეგულარული თვითრეფლექსია, რათა ნათელი წარმოდგენა გვქონდეს იმ ნიუანსების შესახებ, რაც ჩვენში ჰარმონიულობას იწვევს.  მანამდე კი ეცადეთ შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  1. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი – გულმოდგინედ მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი თავისთვის დასვენების აკრძალვა ანგრევს თქვენს შინაგან ბალანსს, მაშასადამე ბედნიერებასაც. რადიოლოგებზე განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ მიერ დასმული დიაგნოზი ბევრად ზუსტი იყო მაშინ, როცა პაციენტთა მონაცემების გადახედვამდე თუნდაც სულ მცირე ჯილდოთი წაახალისებდნენ საკუთარ თავებს. კორნელის კვლევის შედეგების მიხედვით, ასეთ დროს ადამიანები უფრო მეტად პროდუქტიულები, მეგობრულები და ბედნიერები ხდებიან, რაც მათ გონებრივ მუშაობაზეც დადებითად აისახება.
  2. არ შეადაროთ თავი სხვებს – როცა სიამოვნების და კმაყოფილების განცდა ძირითადად სხვებთან შედარების შედეგად გეუფლებათ, თქვენთვის რთული იქნება ბედნიერების დიდი ხნით შენარჩუნება. როცა თქვენ მიერ შესრულებული დავალება თქვენში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს, ნუ დაანგრევთ მას თქვენი მიღწევის სხვის წარმატებასთან შედარებით. არამედ დატკბით იმით, რაც გააკეთეთ!
  3. დარჩით მართლები საკუთარ თავთან – წარმატების მიღწევის მიზნით მორალური ნორმებიდან გადახვევა პირდაპირი გზაა ბედნიერებისა და სიმშვიდის დაკარგვისკენ, რადგან პირადი დოგმებიდან გადახვევა იწვევს უკმაყოფილების, სინანულის განცდას, რაც დემამოტივირებლად მოქმედებს ადამიანზე. მყარად შეინარჩუნეთ მორალური პრინციპები და არავის მისცეთ უფლება ისინი დაგარღვევინოთ. მაშინ კი, როცა არ იცით როგორ მოიქცეთ, ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე და თქვენთვის წაიკითხეთ,  ეს დაგეხმარებათ ”მორალური კომპასის” დარეგულირებაში, რაც თავის მხრივ სიმშვიდეს მოგგვრით.
  4. დაეხმარეთ სხვებს – კოლეგების დახმარებით არამარტო მათ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ, არამედ თქვენც დიდ სიამოვნებას მიიღებთ. სხვათა დახმარების პროცესში ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამომუშავდება ოქსიტოცინი, სეროტონინი და დოპამინი, რომლებიც ხელს უწყობს დადებითი ემოციების წარმოქმნას. ჰარვარდის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ის თანამშრომლები, რომლებიც რეგულარულად ეხმარებოდნენ სხვებს, 10-ჯერ უფრო მეტად იყვნენ ფოკუსირებულნი სამუშაოზე და 40%-ით მეტად წახალისდებოდნენ უფროსების მხრიდან სხვადასხვა ჯილდოს სახით.
  5. იმუშავეთ საუკეთესოდ – ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი იკვლევდა საკითხს, თუ როდის არის ადამიანის საქმიანობა ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ინტენსიური ფოკუსირება საქმეზე, რა მდგომარეობაც დასავლურ სამეცნიერო ჟურნალებში ”Flow”-ს სახელით არის ცნობილი, ყველაზე პროდუქტიული მომუშავეები იყვნენ. Flow – ე.წ. ”შემოქმედებითი ტრანსი” არის მდგომარეობა, როცა ადამიანი კონკრეტული საქმიანობით განციდის ეიფორიას და იმდენად მოცულია მისით, რომ დროც და სხვა გარემო-ფაქტორებიც მისი ყურადღების მიღმა რჩება.  მას შედეგად მოყვება ბედნიერების და კმაყოფილების განცდა. Flow-ს მიღწევა არც ისე რთულია, მთავარია გარკვეული პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად დააკვირდეთ თქვენს თავს, განსაზღვროთ როდის ხართ მეტად პროდუქტიული, დღის რომელ მონაკვეთში რა ტიპის საქმიანობა გამოგდიით უკეთ და ამის მიხედვით წარმართოთ თქვენი სამუშაო პროცესები. ეს მიგიყვანთ შემოქმედებითი ტრანსის მდგომარეობამდე, რაც არა მხოლოდ თქვენს ზოგად კეთილდღეობაზე აისახება დადებითად, არამედ დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმატებაზეც, რაც თქვენს გაზრდილ კმაყოფილებას განაპირობებს.

გაზიარება:

კომენტარები