გამოქვეყნების დრო 24-11-2017

ახალი საქმიანი ეტიკეტი

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სერიოზული და სენსიტიური შინაარსის შემცველი ინფორმაცია ოფიციალური დაბეჭდილი წერილის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იგზავნებოდა. დღესდღეობით ხელმძღვანელობა სულ უფრო ხშირად მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან მესიჯების მეშვეობით გეკონტაქტებათ. მობილური ტელეფონების, მესენჯერების, ვიდეოზარების და კომუნიკაციის სხვა საშუალებების შემოსვლასთან ერთად ურთიერთობის წესებიც იცვლება.ისმის კითხვა: ამ ახალ რეალობაში, როგორ ვაწარმოოთ კომუნიკაცია ზრდილობიანად და კორექტულად, და ამავდროულად შედეგიანად? როგორ დავიცვათ ამ შემთხვევაში აუცილებელი საკომუნიკაციო ეტიკეტი?

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს, რომლებითაც დღევანდელი საქმიანი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ.

 

მიწერეთ, ნუ დაურეკავთ

საქმიანი ადამიანები თვლიან, რომ სატელეფონო ზარი (მით უფრო მობილურ ტელეფონზე) წინასწარი შეთანხმების გარეშე — ეგოისტური საქციელია, რადგან ამით თქვენ, ფაქტობრივად, აიძულებთ ადამიანს დაანებოს თავი საქმეს, რომელსაც იმ მომენტში აკეთებდა და მის ნაცვლად დრო თქვენ და თქვენს პრობლემებს დაუთმოს. დაკავებულ ადამიანებს ურჩევნიათ მიიღონ თქვენგან ტექსტური შეტყობინება ან ელექტრონული წერილი; შეგიძლიათ სულაც WhatsApp-ში ან ფეისბუკის მესენჯერში შეეხმიანოთ. ნებისმიერი საბაბის გამო ადამიანთან დარეკვა, ყურადღების მიქცევის გამაღიზიანებელი და ფრიად არაეფექტური საშუალებაა. სულ ახლახანს, კომპანია „ერიქსონმა“ ჩაატარა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ იაპონიაში მცხოვრები, ანდროიდის მომხმარებელთა მეოთხედი საერთოდ არ იყენებს სატელეფონო ზარებს და ძირითადად წერილობით შეტყობინებებს აგზავნის. აშშ და ევროპა საგრძნობლად ჩამორჩებიან ამ მაჩვენებელს.
არასასურველია აგრეთვე, დროის გარკვეულ მონაკვეთში მიყოლებით რამდენიმე ზარის გაშვება. საქმიანი ადამიანები აღიქვამენ ამას როგორც მათ სამუშაო განრიგში არაკორექტულ შეჭრას: „ადამიანს უნდა ესმოდეს, თუ არ ვუპასუხე მის ზარს, ესე იგი არ მცალია მასთან სასაუბროდ და მოგვიანებით თავად დავურეკავ“.
სატელეფონო ზარების ჩანაცვლება წერილობითი შეტყობინებებით სასარგებლოა კიდევ იმ მიზეზით, რომ ტელეფონით კომუნიკაცია ხშირად გართულებულია და დამახინჯებული; ტელეფონით საუბრის დროს ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და კორექტულად გაგება და შედეგად, იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოგვარდეს — ახალი სირთულეები ჩნდება. ფოსტით ან მესენჯერით ურთიერთობა გაცილებით უფრო მარტივია, მითუმეტეს, რომ ყოველთვის გრჩებათ საუბრის ზუსტი წერილობითი ასახვა, რაც დაგეხმარებათ შესაძლო გაუგებრობებისა და პრეტენზიების თავიდან აცილებაში. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მიწერეთ ადამიანს წერილი, ან გაუგზავნეთ შეტყობინება მესენჯერით და პასუხი არ მიგიღიათ, გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ მიუყოლოთ სატელეფონო ზარიც, რომლის დროსაც უბრალოდ სთხოვთ ადამიანს, რომ შეამოწმოს ფოსტა ან მესენჯერი.
ელექტრონული საშუალებებით მიმოწერისას გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია ერთი და იგივე მედიუმის გამოყენება. თუკი, მაგალითად, საუბარი დაწყებულია ფეისბუკის მესენჯერში, სჯობს იქვე გააგრძელოთ და არ გადაინაცვლოთ WhatsApp-სა თუ ელექტრონულ ფოსტაში, თორემ შემდგომში გაგიჭირდებათ საუბრის ცალკეული დეტალების პოვნა.

ცხადია, ყველაფერი ზემოთქმულის მიუხედავად, არსებობს ისეთი სიტუაციები და საკითხები, როდესაც ერთადერთი სწორი გამოსავალი — სატელეფონო ზარია. ასეთებია, მაგალითად, საკითხები, რომლებიც იმდენად გაურკვეველია, რომ მათი მოგვარება დიდი რაოდენობით დამატებითი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს; მრავალი წვრილ-წვრილი დეტალის სათითაოდ დაზუსტება წერილების ან მესიჯების საშუალებით მოუხერხებელია, ამიტომ უფრო შესატყვისია ცოცხალი ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით, ან სულაც პირისპირ შეხვედრა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეისბუკის მესენჯერი ან სხვა ე.წ. „ჩატი“ არაფორმალური საკომუნიკაციო საშუალებაა, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ისინი მხოლოდ მაშინ, როდესაც ამაზე წინასწარ თანხმდებით თქვენს პარტნიორთან. თუ ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, სჯობს მიმართოთ ელექტრონულ ფოსტას, რომელიც გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს პარტნიორს. ელექტრონულ წერილზე პასუხის ორსაათიანი, ან თუნდაც ორდღიანი ინტერვალი არ აღიქმება როგორც ზედმეტად ხანგრძლივი პაუზა; ადამიანს შეუძლია კარგად გაიაზროს პასუხი და ისე უპასუხოს მოსაუბრეს.


 

ჩართეთ სმარტფონში (და აღარასდროს გამორთოთ) უხმო რეჟიმი

გამუდმებული ზარები, ვიბრაცია და სხვა ხმოვანი სიგნალები, რომლებიც მოდის ჩვენი სმარტფონებიდან, ხელისშემშლელია და გამაღიზიანებელი არა მხოლოდ უშუალოდ ტელეფონის მფლობელისთვის, არამედ გარშემომყოფი ადამიანებისთვისაც. ჩვენს დროში ტელეფონი თითქმის უწყვეტ რეჟიმში გვისიგნალებს მესენჯერის, ფეისბუკის, ელექტრონული ფოსტის და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით შემოსული შეტყობინებების შესახებ, ამიტომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი ირჩევს თავის სმარტფონისთვის უხმო რეჟიმს. იმის გამო, რომ ადამიანები საათში რამდენჯერმე მაინც იხედებიან ტელეფონში, გამორთული ხმის მიზეზით რაიმე ზარის გამოტოვება პრაქტიკულად გამორიცხული ხდება.

 

დააყენეთ ელექტრონული ფოსტის ავტომოპასუხე

თუ ძალიან დიდი რაოდენობით წერილებს იღებთ და ვერ ასწრებთ ყველა წერილის დროულად წაკითხვას, ან თუ სხვა რაიმე მიზეზით ვერ ნახულობთ ან ვერ პასუხობთ ფოსტას, დააყენეთ ავტომოპასუხე — საპასუხო შეტყობინება, რომელშიც განმარტავთ, რატომ ვერ პასუხობთ წერილს და მიუთითებთ, თუ ვისთან შეიძლება ამა თუ იმ შეკითხვების გადამისამართება.

 

წარუდგინეთ თავი უცნობს, რომელთანაც სოციალურ ქსელში გსურთ დამეგობრება

პირველ რიგში, ეს უბრალო ზრდილობაა; თანაც, ასე უფრო მეტია ადამიანის დამეგობრების და მომავალში მასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შანსი. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენი წერილი, საუბარი თუ შეტყობინება გეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის წარმატებულ მარკეტინგში, ამიტომ გაცნობისას ნუ დაგავიწყდებათ თქვენი ორგანიზაციის ან პროექტის ბმულის მიყოლება.

 

ასევე იხილეთ სტატია 14 რჩევა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მესენჯერით ურთიერთობისთვის

 

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

14 რჩევა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მესენჯერით ურთიერთობისთვის
წინა სტატიაში ვისაუბრეთ ახალი საქმიანი ეტიკეტის შესახებ,

მეტის ნახვა

კომენტარები