გამოქვეყნების დრო 24-11-2017

14 რჩევა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მესენჯერით ურთიერთობისთვის

წინა სტატიაში ვისაუბრეთ ახალი საქმიანი ეტიკეტის შესახებ, ამ სტატიაში კი გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მესენჯერით ურთიერთობისთვის:

1. ყოველთვის უპასუხეთ შეტყობინებას (თუკი, რა თქმა უნდა, არ გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა);

2. გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების განრიგი — ნუ შეაწუხებთ მათ მესიჯებით მაშინ, როდესაც მათ სძინავთ ან ისვენებენ;

3. ნუ დაწერთ რომანებს – მოკლე შეტყობინება მოკლე უნდა იყოს. თუ შეტყობინების დაწერა 30 წამზე მეტ დროს იკავებს, ალბათ უკეთესია ჩვეულებრივი ელექტრონული წერილი ან სულაც სატელეფონო ზარი არჩიოთ;

4. ნუ დაურეკავთ ადამიანს შეტყობინებაზე საპასუხოდ (თუ ამას თვითონ არ ითხოვს შეტყობინების მეშვეობით);

5. როდესაც მნიშვნელოვან შეტყობინებაზე პასუხი ვერ მიიღეთ — არ ინერვიულოთ და არ მიაყაროთ განმეორებითი მესიჯები; თუ ადამიანი დაკავებულია ან რაიმე მიზეზის გამო არ სურს თქვენთან კომუნიკაცია, განმეორებითი მესიჯებიც არაფერს შეცვლის;

6. ნუ გამოიყენებთ სარკაზმს, ირონიას და სხვა ემოციებს მოკლე ტექსტური შეტყობინების დაწერისას. ემოციების ყველა ნიუანსის კორექტული გადმოცემა გამოცდილ მწერლებსაც კი უჭირთ, მითუფრო რთულია ამის გაკეთება ტექსტური შეტყობინების შეზღუდულ ფორმატში. თუ გსურთ სწორად გაგიგონ, არ ღირს შეტყობინებაში პარალელური, ფარული მნიშვნელობების ჩაქსოვა;

7. რამდენჯერმე გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ შეტყობინებას სწორ მისამართზე აგზავნით. რთულია წარმოიდგინო იმაზე უხერხული სიტუაცია, ვიდრე ის, როდესაც მეგობრისთვის გამიზნული არაფორმალური შეტყობინება უცებ თქვენს უფროსთან ან სხვა რომელიმე საქმიან პარტნიორთან აღმოჩნდება;

8. ეცადეთ დაიცვათ პროპორციულობა კომუნიკაციაში. თუ ხედავთ, რომ მოსაუბრე მარტივ, „კი/არა“ სტილის წინადადებებს გიგზავნით, ნუ უპასუხებთ გრძელი წინადადებებით, მითუფრო, რომ ამ ჩამონათვალის მე-3 პუნქტიც უკვე წაკითხული გაქვთ.

9. ეცადეთ არ მიწეროთ ადამიანს არაფერი ისეთი, რასაც პირად საუბარში ვერ ეტყოდით. არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, ჭორაობა ან თავხედობა მოკლე შეტყობინებების მეშვეობით.

 

10. მოკლე შეტყობინებებში, განსაკუთრებით საქმიანში, ჰეშტეგების გამოყენება #შეუსაბამო და #სასაცილოა.

11. ნუ გამოიყენებთ შემოკლებებს და სლენგს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მიმღები ყველაფერს ადეკვატურად აღიქვამს.

12. ნურასდროს დაწერთ შეტყობინებას ასომთავრულით. ელექტრონულ კომუნიკაციაში დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი უტოლდება ყვირილს. მოგწონთ, როდესაც გიყვირიან? გარდა ამისა, შეუსაბამოა ძახილის და კითხვის ნიშნების სიჭარბეც და ზოგადად სხვა ნებისმიერი სიმბოლოები, რომლებიც ისტერიის და არაადეკვატურობის მაჩვენებელია.

13. არ ღირს ძალიან ბევრი „სმაილიკების“ ან სხვა ტიპის ემოტიკონების გამოყენება საქმიან მიმოწერაში. შესაძლოა ვინმეს ეს ძალიან მოწონდეს, სხვას კი აღიზიანებდეს.

14. ნუ წერთ ტექსტურ შეტყობინებებს სხვა ადამიანთან ურთიერთობის ან რაიმე საქმიანი შეხვედრის დროს. ძალიან უხერხულია სიტუაცია, როდესაც ადამიანი წყვეტს თქვენთან საუბარს, ან ეთიშება რაიმე საკითხის განხილვას და იწყებს მობილურზე შემოსული შეტყობინების დათვალიერებას და პასუხის აკრეფას. სხვები ამ დროს თავს სულელურად გრძნობენ, ღიზიანდებიან — და სავსებით საფუძვლიანად. გადადეთ თქვენი მიმოწერა შეხვედრის დასრულებამდე.

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

ახალი საქმიანი ეტიკეტი
ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სერიოზული

მეტის ნახვა

კომენტარები